საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი განიხილეს.
ბაროზომ და რომპეიმ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს.
ადმინისტრაციის ცნობით, მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკების პროცესში მიაღწია. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების მიზნით დაწყებული მოლაპარაკება ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერაა.
მისი თქმით, ევროკავშირთან და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს საერთო დემოკრატიული ღირებულებები აკავშირებს და ამ ორგანიზაციებში ინტეგრაცია გარდაუვალი პროცესია.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
