საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ნატო, როგორც არასდროს ისეთი შრომისუნარიანია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო საქართველოსთვის, არამედ იმ დიდი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბირთვს წარმოადგენენ.
„ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა, რომ დაგვებრუნებინა ქვეყანა დასავლეთის თავისუფალი ქვეყნების ოჯახში, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეერთებას ნიშნავს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, კვლევის კანადური ცენტრის მიხედვით, ქართული დემოკრატია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტურია ახალი ზელანდიის შემდეგ.
როგორც იგი აღნიშნავს, ყველაზე დიდი მიღწევა მენტალური რევოლუციაა, რომელიც საქართველოში მოხდა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო პატრა ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ენერგოტრანზიტის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„თუ საქართველო და ქართული დემოკრატია წაიქცევა, მაშინ მთელი ცენტრალური აზია, კასპიისა და ჩრდილოეთ ჩინეთის ეკონომიკური მარშრუტი, ავღანეთთან კავშირი გაწყდება. საქართველოს აქვს საკუთრი ლოჯსტიკური ბაზა, აეროპორტები, და რკინიგზა. ასევე, საუკეთესო ავტომაგისტრალი მთელ ტერიტორიაზე“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად ამისა, მან ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან.
„კარგად ვიცით რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი, მაგრამ ვალდებულებები ურყევია და ამისთვის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციები ვერ შეგვაცვლევინებს აზრს“ – განმარტა სააკშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში არის ხალხი ვინც დროდადრო აპროტესტებს ნატო-ში ინტეგრაციას, მაგრამ ის ვალდებულება რაც ნატოს-ს წინაშე საქართველომ აიღო, შეუქცევადია.
„ISAF-ის მისიაში მონაწილეობა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებლები ვართ, არამედ მისი შემქმნელიც ვართ ნატო-სთვის“ - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.
ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. იგი სენატორებს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის საქართველო-ნატოს ურთიერთობა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები იყო.
