კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ცინიკურს უწოდებს.
როგორც ნიუსპრესს „ორგანიზაციიდან აცნობეს, შსს ცდილობს, ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიცილოს და ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს ინციდენტში დამნაშავე თავად ჟურნალისტია.
„ეს მაშინ, როცა ცნობილია, რომ მთივლიშვილს მის მიერ გადაღებული ფოტოები პოლიციამ წაუშალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის რამდენიმე საათი თიანეთის საავადმყოფოში იმყოფებოდა“-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ აღნიშნავს, რომ ბოლო დროს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რეგიონულ ჟურნალისტებზე თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა. ამის დასტურად კოალიციას გასულ კვირაში დუშეთში მომხდარი ინცინდენტი მოჰყავს, როდესაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სტუდია „GNS“-ის ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„უახლოეს 2 თვეში რეგიონული ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ოცამდე ფაქტი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა, მიუხედავად
იმისა, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს“-აღნიშნავენ კოალიციაში.
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ მიიჩნევს, რომ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა უნდა დაეწყო და დამნაშავე გამოევლინა, თუმცა, მან მომხდარში თავად ჟურნალისტი დაადანაშაულა.
„სწორედ ამგვარი ცინიკური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აძლიერებს დაბალი რანგის ჩინოვნიკთა დაუსჯელობის სინდრომს, რაც ვითარებას უფრო მეტად ამწვავებს“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, მსგავსი განცხადებების გავრცელებისგან თავი შეიკაონ, საქმის ვითარებაში გაერკვნენ და დამნაშავე ჩინოვნიკების მიმართ ადეკვატური ზომები მიიღონ.
გელა მთივლიშვილი დღეს თიანეთში, პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს. როგორც მთივლიშვილი აცხადებს, მას პოლიციის შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მისი საავადმყოფოში მოთავსება გახდა აუცილებელი.
აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. როგორც შსს-ში აღნიშნეს, მთივლიშვილი პოლიციის შენობაში ვინაობის დადგენის მიზნით შეიყვანეს და საკითხის გარკვევის შემდეგ, რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს. თუმცა ჟურნალისტმა პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი თქვა. შსს-ში აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ გელა მთივლიშვილს პოლიციის შენობა იძულების წესით დაატოვებინეს.
