„ახალი მემარჯვენეები“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან
„ახალი მემარჯვენეები“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან
14:29 19.05.2012
"ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ უწყებათაშორისი კომისიის შექმნით პოლიტიკური პარტიებისათვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის კიდევ ერთი ბერკეტი გაჩნდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
მისი თქმით უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა და ის მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.
კაციტაძის ინფორმაციით, კომისია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციას შეწყობს ხელს და მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგს აწარმოებს. ასევე ითანამშრომლებს პარტიებთან, დამკვირვებლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მისივე თქმით, კომისია შეისწავლის საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციებს, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს.
„ეს არის ის შედეგები, რაც საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეების" და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას მოჰყვა“- აღნიშნა კაციტაძემ.

ბეჭდვა