„ახალი მემარჯვენეები“ რუსთავში ეკოლოგიურ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებენ
„ახალი მემარჯვენეები“ რუსთავში ეკოლოგიურ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებენ
13:49 19.05.2012
„ახალი მემარჯვენეები“ რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას შემაშფოთებლად მიიჩნევენ. ამის შესახებ პარტიის რუსთავის ორგანიზაცის თავმჯდომარემ ზურაბ გელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, კომპანია "ჯეოსტილს" დღემდე არ დაუმონტაჟებია ფილტრები, რაც ქალაქის დაბინძურებას იწვევს. ხოლო ნაცვლად იმისა, რომ არსებული ვითარების გამოსწორებაზე იზრუნოს, ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის.
გელაშვილის ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე კომპანია „სუპერგაზი რუსთავი - იტალიას“ გაზის ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო.
„მოსახლეობა თვლის, რომ პირდაპირ „ნაღმზე სხედან“, რადგან მიწისძვრის, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში გამორიცხული არ არის აალება მოხდეს. გარემო მომწამვლელი გაზით ბინძურდება. მშენებლობის ნებართვა გაცემულია და ქალაქის ურბანული დაგეგმარების სამსახური თვლის, რომ საცხოვრებელი კორპუსის წინ ასეთი ობიექტის არსებობა ნორმალურია“- აღნიშნა გელაშვილმა.
"ახალი მემარჯვენეების" რუსთავის ოფისის წარმომადგენლები მშენებლობის შეჩერებას და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
გელაშვილის განცხადებით, ქალაქში ბოლო წლებში მომხდარი წყალდიდობები იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქში კოლექტორები და სანიაღვრე ქსელებიც გაუმართავია.

ბეჭდვა