ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ 65% წილის მფლობელის და ახლადარჩეული დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი ,,პირველ სტერეოში“
განვითარებულ მოვლენებს ლეგიტიმურს უწოდებს.
ამის შესახებ, დღეს მან ჟურნალისტებს სასტუმრო ,,რედისონში“ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
,,რაც შეეხება, ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის განცხადებას თითქოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა, გაცნობებთ რომ 2012 წლის 18 მაისს, ჩვენი კანონმდებლობისა და წესრიგის სრული დაცვით, ჩატარდა ტელეკომპანიის პარტნიორთა კრება, სადაც ზილფიმიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული“- განაცხადა ყავლაშვილმა.
მისივე განმარტებით, ზილფიმიანი მათ უფლებას არ აძლევდა ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ შენობაში შესულიყვნენ და კუთვნილი ქონებით ესარგებლათ.
,,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იძულებული გავხდით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მარეგულირებელი კომისიისა და ტელეანძებისთვის მიგვემართა, რომ ტელეკომპანიაში შესვლის შესაძლებლობა და მისი ნორმანულად გაძღოლა შეგვძლებოდა“ -განაცხადა კობაიძის წამომადგენელმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გეოფიზიკის ინსტიტუტში მდებარე ,,პირველი სტერეოს“ ოფისი კერძო დაცვის თანამშრომლებს ამ წუთამდე ბლოკირებული აქვთ და იქ არავის უშვებენ, ყავლაშვილის განცხადებით, მათი მხრიდან ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და მათი პოზიცია ლეგიტიმურია.
