ევროპის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების გამო, რაც მოქალაქეთა დაკავებებში გამოიხატება, წუხილს გამოთქვამენ.
ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ბმულიც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა მიაწოდა.
განცხადებაში ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (ELDR) ვიცე-პრეზიდენტი ლუსევის ვან დერ ლაანი აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში მხარს უჭერენ.
„ჩვენ ყველა ევროპულ მთავრობას, პარლამენტს და პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი, საქართველოს მთავრობის ახლო მოკავშირეებს მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ“ - განაცხადა ლაანიმ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამინისტი ინტერნეიშენალის“ მოხსენების თანახმად, საქართველოში მთავარი ოპოზიციური გაერთიანების „ქართული ოცნების“ მომხრეთა დაკითხვა მათი უსაფრთხოების ზომების დარღვევითა და დაშინებით, მათ შორის ღირსების შემლახავი ჩხრეკის თანხლებით მიმდინარეობს.
აქვე ისინი აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ლიბერალურმა ორგანიზაციამ ახლახლანს რეზოლუცია მიიღო, სადაც 2012 წლის ოქტომბერში დადგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნაა მოთხოვილი.
„რეზოლუციის მიღება საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების გამკაცრებამ განაპირობა. რეზოლუციაში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისადმი მოწოდებაცაა, რომლის თანახმად მათ გრძელვადიანი მისიით დამკვირვებლები საქართველოში რაც შეიძლება მალე უნდა მიავლინონ. ასევე, თვალი ადევნონ მედიის მიკერძოებასა და პოტენციური ამომრჩევლების შესაძლო დაშინების ფაქტებს“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრიები საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ. ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდნენ.
