უნგრეთი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში თავის კვოტას ზრდის
უნგრეთი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში თავის კვოტას ზრდის
17:12 18.05.2012
უნგრეთმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საკუთარი კვოტის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, დავით ბაქრაძე უცხოელ დიპლომატებს შეხვდა. ღონისძიებას უნგრეთის პარლამენტის სპიკერი ლასლო კოვერი დაესწრო.

„უნგრეთი ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. უნგრეთმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საკუთარი კვოტის გაზრდის თაობაზე, რაც ძალზე მნიშნელოვანია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც ეკონომიკურ სფეროში აქტიურ თანამშრომლობაშიც გამოიხატება” - განაცხადა ბაქრაძემ.

მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

პარლამენტის სპიკერი უნგრეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.

ბეჭდვა