ხიდაშელი ხელისუფლებას ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ხიდაშელი ხელისუფლებას ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
16:33 18.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ანგარიშში ღიად აცხადებს, რომ ქართული მედია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის ხელმისაწვდომი არ არის და ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს დაბალანსებულად გაშუქდეს ყველა პოლიტიკური პარტიის ღონისძიებები, ასევე, შეიქმნას თანაბარი პირობები პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

ხიდაშელის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასმულია ის გარემოება, რომ წინ არჩევნებია და მედიის როლი წინასაარჩევნო პერიოდში დიდ მნიშვნელობას იძენს.

ხიდაშელის ინფორმაციით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და ევროკავშირი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითავლისწინა ის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელიც თვეების განმავლობში გაიცემოდა.

„განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე რომ მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით მანიპულირება ხდება. ამას გარდა, დასახელებულია მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი პრობლემები, სუსტი პარლამენტი, სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა და აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტურობა“ -აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გადატვირთულია ციხეები, მაღალია პატიმართა რაოდენობა და საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია.

ხიდაშელის ინფორმაციით, ასევე მკაცრად არის შეფასებული, გასული წლის 26 მაისს ხელისუფლების ქმედება სამართალდამაცვთა დასჯის თვალსაზრისით.

„ჩვენ რამდენიმე დღე ველოდებოდით რეაგირებას და იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებებზე ორიენტირებული ადეკვატური პასუხი გაეცემოდა ანგარიშს, ასევე შემოგვთავაზებდნენ სამოქმედო გეგმას. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება თანამშრომლობის სურვილით შეხვედროდა ამ ანგარიშს, მოვისმინეთ, რომ თურმე ეს არის ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის და ევროპელი პოლიტიკოსის დასკვნები და რომ ხელისუფლება თავის პოზიციას არ შეიცვლის“ - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ, სახელმწიფოებრიობის გზაზე გადადგმული არასწორი ნაბიჯებისთვის და საქართველოს შესახებ ნეგატიური ანგარიშები იწერება.

ხიდაშელის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისა და მისი მდგომარეობის შესახებ 23 მაისს, აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შედგება, მათ შორის საუბარი შეეხება საქართველოსაც.

ხიდაშელი მოუწოდებს, ყველა ქართულ ტელეკომპანიას, რომლებსაც წარმომადგენლობები ჰყავთ საზღვარგარეთ, საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ საქართველოს ჩვენთვის ყველაზე მთავარი სახელმწიფოები.

ბეჭდვა