ევროკავშირი საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის გადახედვას ურჩევს
ევროკავშირი საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის გადახედვას ურჩევს
16:23 18.05.2012
ევროკავშირი საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გადახედვას ურჩევს და რეკომენდაციას აძლევს - უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა, მათ შორის ფინანსური რესურსების გამოყოფისა და დე ფაქტო ხელისუფლებებთან პრაგმატული თანამშრომლობის გზით.

ამ რეკომენდაციის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მიერ 2011 წელს „სამეზობლო პოლიტიკის“ შესრულებას ეხება.
ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს „ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილებისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს“, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას და მას განიხილავს, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე.
თუმცა, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ვიდრე დოკუმენტი ამ რეგიონების მაცხოვრებელთა ფართო ფენებისთვის არ გახდება მისაღები, ის გადაადგილების ერთადერთი საშუალება არ უნდა იყოს.
„სეპარატისტული რეგიონების“ მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სხვა სოციალური მომსახურების შეთავაზება ქართული მხრიდან შერიგებისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია და საჭიროა მისი გაფართოება, თუმცა, ისეთი წინაპირობის გარეშე, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღების ვალდებულება.

ბეჭდვა