„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო 2011 წლის 21-26 მაისს განვითარებული მოვლენების წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 მაისს 14:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „სახალხო კრება“ გაფართოებულ შეხვედრას გამართავს. მასზე 21-26 მაისის მონაწილეები, საზოგადოების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეული.
23 მაისს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები 2011 წლის 21 მაისის ბათუმში გამართული აქციის წლისთავს აჭარის მოსახლეობასთან ერთად, ამავე ქალაქში აღნიშნავენ.
25 მაისს „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია შეხვედრას საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.
26 მაისს 12:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, „სახალხო კრება“ 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა სახელზე პანაშვიდს, ხოლო დაზარალებულთა და დაპატიმრებულთათვის პარაკლისს გადაიხდის.
„სახალხო კრების“ წევები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ დაარსების დღიდან მათი მთავარი ამოცანა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყნის დემოკრატიზაციაა და რომ დასახული მიზნებისათვის მათ არასოდეს უღალატიათ.
ორგანიზაციის წევრები 21-26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერსა და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ეპატიჟებიან, მიუხედავად მათი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
