პარტიები და ცესკო პლაკატების განთავსებისა და საპატიმროებში ხმის მიცემის უფლების რეალიზების წესებზე მსჯელობენ
პარტიები და ცესკო პლაკატების განთავსებისა და საპატიმროებში ხმის მიცემის უფლების რეალიზების წესებზე მსჯელობენ
15:38 18.05.2012
პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო პერიოდში ბეჭდვითი მასალის განთავსების რეგულირებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირთათვის საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხები განიხილეს  დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანო, წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობის მიზნით, ვალდებულია ადგილები გამოყოს ან სპეციალური სტენდები დადგას პოლიტიკური სუბიექტების მიერ პლაკატების გასაკრავად.

„ამასთან, უნდა განისაზღვროს იმ ადგილების ჩამონათავლი, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში პლაკატები განთავსდება“ – განაცხადა ხარატიშვილმა.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, საბოლოო რეკომენდაციებში უნდა განისაზღვროს თუ რა ზომისა და ფორმატის სააგიტაციო მასალის განთავსების შესაძლებლობა ექნება თითოეულ სუბიექტს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

„არჩევნებამდე 2 თვით ადრე, მესაკუთრეებისა და საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებისთვის უნდა ამოქმედდეს წესი, რომელიც ერთი რომელიმე პარტიის მიერ სააგიტაციო მასალის განთავსების შემთხვევაში, სხვა სუბიექტსაც მისცემს იგივეს გაკეთების შესაძლებლობას“ – განაცახადა სამუშიამ.

რაც შეეხება წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საარჩევნო უფლების რეალიზებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ლელა ტალიური მიიჩნევს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ ცესკო-სთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად უნდა უზრუნველყოს ხმის უფლების მქონე პირთათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიწოდება.

„გასულ არჩევნებზე, დაწესებულებში ხმის მიცემის ერთეული შემთხვევები სწორედ იმის გამო მოხდა, რომ პატიმრებს პირადობის მოწმობები არ ჰქონდათ“ – განაცხადა ტალიურმა.

მისი თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია მსჯავრდებულთა ინფორმირებულობა და მათზე ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით მონიტორინგის განხორციელება.

ცესკო-სა და პოლიტიკური სიბიექტების მორიგი სამუშაო შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.

ბეჭდვა