პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აბაშიძე თბილისის მერიისგან დედაქალაქის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას მოითხოვს.
აბაშიძემ მერიასთან პრესკონფერენცია გამართა და ამ მოთხოვნით დედაქალაქის მუნიციპალიტეტში წერილი შეიტანა.
მან მედიას რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის მოედნის ამსახველი ფოტოები წარუდგინა.
„გარკვევით ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირი და მარჯანიშვილის მოედანი უხარისხოდაა გაკეთებული და შენობების ვიზუალური მხარე უკვე დაზიანებულია. ეს კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლებას თუ რაში ხარჯავს ის ფული“- აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, ამჟამად, მშენებლობა პუშკინის ქუჩაზე მიმდინარეობს, მერიამ საჯარო უნდა გახადოს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები მუშაობენ და რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან.
აბაშიძე ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსაც შეეხო, სადაც, მისი ინფორმაციით, დატბორილია დევნილთა საცხოვრებელი შენობა და მიმდებარე ტერიტორია და მოსახლეობა ნავებით გადაადგილდება.
მისი განცხადებით, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, მერია დევნილებს არ დახმარებია.
