ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ჩიკაგოში, ნატო-ს სამიტზე მხარი დაუჭიროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას.
ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ შესაბამისი მიმართვა ჟურნალისტებს დღეს პრესკონფერენციაზე გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უალტერნატივო გზაა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიები იმ ქვეყნის მიერაა ოკუპირებული, რომლისთვისაც საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ მთავარ საფრთხედ აღიქმება, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ამ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და და საგარეო კურსს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლება და ქართველი ხალხის არჩევანია გამოხატული“-აღნიშნა ქარდავამ.
როგორც ედპ-ს ლიდერმა განაცხადა, სასურველია ანალოგიური შინაარსის მიმართვები სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმაც შეიმუშაონ და საქართველოს დასავლური გზით განვითარებას მხარი დაუჭირონ.
„ჩიკაგოს სამიტის წინ ეს იქნება კარგი ჟესტი, რათა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ნათლად დავანახოთ, რომ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში ამ მიმართულებით კონსესუსია“-განაცხადა ქარდავამ.
ედპ-ს მიმართვა საქართველოში ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა ელჩებსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს დღესვე გადაეგზავნება.
