მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, ყველა ადამიანი, ვისაც ქვეყნისთვის გადარჩენა სურს, ერთ ძალაში უნდა გაერთიანდეს.
"ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება - შავი ან თეთრი" - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს "ITV"-ს მედიაკლუბში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით კახა კუკავა, რომელსაც ის ღირსეულ პოლიტიკოსად მიიჩნევს, ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. იგივე ეხება ნინო ბურჯანაძესაც.
"არასოდეს არ მქონია ნინო ბურჯანაძესთან არანაირი ურთიერთობა, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. არ ვეთანხმები მის მიერ გამოთქმულ პოზიციებს გაყალბებულ არჩევნებთან და 7 ნოემბერთან დაკავშირებით. მაგრამ ვთვლი, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსული ბევრი პირისგან განსხვავებით შემდგარი პოლიტიკოსი და პროფესიონალია" - აღნიშნა ნინელი ჭანკვეტაძემ.
ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია თანამშრომლობა რა სახის იქნება, თუმცა ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ღირსეულ ძალას არ გამორიცხავს.
"როცა ბიძინა ივანიშვილმა პირველ დღეს თავისი თანაგუნდელები დაასახელა, მაშინაც ამბობდნენ, რომ ჩაიკეტა და მხოლოდ "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები ჰყავდა გარშემო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, ამას უნდა მომწიფება, ამას სჭირდება დრო და სულ არ არის საჭირო აჩქარება" - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
