პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებში საგანგაშო ტენდენციას ხედავს.
როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებს რამდენიმე მიზეზი და მიზანი აქვს.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 6 მაისს აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების დანაყოფებმა პოზიციები შეიცვალეს და მომლოცველებისა და ტურისტებისთვის სამონასტრო კომპლექსთან მიმავალი ორივე ბილიკი ჩაკეტეს. მათი განცხადებით, ეს უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა და 6 მაისის ბრძანებულებით, მესაზღვრეებს ამ ტერიტორიის დაცვა დაევალათ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მურვანიძის თქმით, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური დაჯგუფების შექმნის გამო, რომელსაც მმართველი გუნდი რეალურ საფრთხედ აღიქვამს, „ნაცმოძრაობამ“ საკმაოდ სახიფათო თამაში წამოიწყო.
„ის ცდილობს საქართველოს საზოგადოების აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებას და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას, რათა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, ეთნიკური კუთხით, რადიკალებად წარმოაჩინოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს გზა“ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს აფრთხილებს - ნუ გახდებიან ხელისუფლების გეგმის შემსრულებლები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეთნიკური დაპირისპირების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს და ყველა იმ ფსევდო-ოპოზიციურ ძალას დაეკისრება, რომლებიც პროცესების ამ მიმართულებით წარმართვას შეეცდებიან.
