„ქართულმა ოცნებამ“ დიპკორპუსს „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმებაზე ინფორმაცია მიაწოდა
„ქართულმა ოცნებამ“ დიპკორპუსს „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმებაზე ინფორმაცია მიაწოდა
14:00 18.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შპს „მენეჯმენტ სერვისისა“ და „ქართული ოცნების“ ოფისებთან  დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„საქმე ეხება „მენეჯმენტ სერვისის“ 5 მლნ ლარამდე დაჯარიმების შესახებ დადგენილებას, რომელიც მას გუშინ ჩაბარდა. ჯარიმა ეხება 22 ოფისს, რომლებიც კომპანიამ კერძო მესაკუთრეებისგან იქირავა და შემდეგ, მესაკუთრეებისვე თანხმობით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სუბიექტებზე გადააქირავა“- განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, კონტროლის პალატას მიაჩნია, რომ „მენეჯმენტ სერვისმა“ თავისი სახსრებით გაარემონტა 22-ვე ოფისი. რაც, წულუკიანის განმარტებით, არცერთი დოკუმენტიდან არ ფიქსირდება, რადგან კომპანია პოლიტიკურ პარტიებს კანონით დადგენილი ქირის გარდა, სარემონტო ხარჯების, მოგებისა და სხვა გადასახადებსაც ახდევინებს.

როგორც მან აღნიშნა, გადასახადების გადახდა მარტიდან დაიწყო და კონტროლის პალატის განცხადება იმის შესახებ, რომ „მენეჯმენტ სერვისი“ მოგებას არ ნახულობდა, სიცრუეა. მისი თქმით, ამ ბიზნესიდან კომპანია 400 ათასი ლარის მოგებას იღებს.

„დიპლომატებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ საკითხისადმი, რომელიც მასშტაბური უკანონობაა და გამოიწვევს კომპანიის გაკოტრებას და ბიზნესის განადგურებას“ - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, კოალიცია ყველა ღონეს იხმარს, რომ რაიონული ოფისები არ დაიხუროს და ორჯერ უფრო აქტიურად გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა.

წულუკიანის ინფორმაციით, ქართული ოცნების ადვოკატები გეგმავენ კონტროლის პალატის დადგენილების გასაჩივრებას და, როდესაც ქვეყნის შიგნით ყველა რესურსი ამოიწურება, სტრასრბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ბეჭდვა