„ქორთიარდ მარიოტში“ მსჯავრდებულების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ
„ქორთიარდ მარიოტში“ მსჯავრდებულების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ
13:52 18.05.2012
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სათანადო ინფორმირება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება.  ამის შესახებ დღეს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელმა მაია ხასიამ განაცხადა.
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს; ასევე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავდებულებს, ვისი დანაშაულიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებობს სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც მსჯავრდებულებისთვის საარჩევნო სააგიტაციო და საინფორმაციო მასალების მიწოდებას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების არქონას და ხმის მიცემის პროცედურის ტექნიკურად უზრუნველყოფას შეეხება“ - განაცხადა ხასიამ.
მისივე თქმით, შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით არსებულ დაწესებულებებში დაახლოებით 3 500-მდე პირს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აქედან, 1 500-მდე წინასწარ პატიმრობაშია.

ბეჭდვა