საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი 0.1%-მდე შემცირდა.
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანა ვიყავით. ევროკავშირის ბოლო კვლევების მიხედვით კი, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში 60-70%-ით ნაკლები კრიმინალია ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში, უხეში გათვლებით კი - 4-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე რუსეთში.
„უფრო შთამბეჭდავი მენტალური რევოლუციაა, ის თუ როგორ ესაუბრება და ურთიერთობს ერთმანეთთან ხალხი. ასევე, როგორია მათი დამოკიდებულება სხვადასხვა ორგანოების მიმართ. პოლიციისადმი ნდობა 90%-ია. ეს ამჟამად, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ჯერ კიდევ პოპულარული პრეზიდენტია, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა ვიდრე მისი პიროვნება.
„იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით პოპულარულია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პარლამანტარი. ეს ეხება არმიას, მთავრობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა, მას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რადგან ისაა კარიბჭე ცენტრალური აზიის, კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის“ - განმარტა მან.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან და ავღნეთიდან ევროპისკენ დიდ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს.
„მიუხედავად შეცდომებისა, რაც შეიძლება დავუშვით, მაინც მოვახერხეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეგვექმნა მმართველობის ალტერნატიული ნიმუში“ - განაცხადა სააკშვილმა.
მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ორი არჩევანი იყო. ან უნდა ვყოფილიყავით ქაოსში - კრიმინალური და კორუმპირებული, როგორც რუსეთი ელცინის დროს ან უფრო მოწესრიგებული, მაგრამ ავტორიტარული, როგორც პუტინის დროს იყო.
„აქ მესამე გზა არ არსებობდა. ვფიქრობ, საქართველომ სწორედ მესამე გზა აჩვენა. რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატია იდეალური არ არის, მაგრამ ნამდვილად გვაქვს სიტყვის და არჩევანის თავისუფლება. ასე რომ, დღეს ჩვენ საკუთარ რეფორმებს სხვა ქვეყნებს ვასწავლით“ - განაცხადა მიხეილ სააკასვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ იდეები შეიძლება უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე დაძაბული ურთიერთობები.
„თავისუფლების ყველა მოყვარულისთვის ეს არის იმედის გზავნილი მსოფლიოში. ჩვენს მიზნამდე ჯერ კიდევ შორია, რადგან წინ მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში არჩევნები გვაქვს და გვინდა, რომ ისინი გამჭვირვალედ ჩავატაროთ. საქართველო რეგიონში კაშკაშა მაგალითია“ - აღნიშნა მან.
პრისტონის უნივერსიტეტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, სხვადასხვა ფაკულტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.
