პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ თავმჯდომარე კახა სეთურიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ყაზბეგის რაიონიდან მიიღებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პარტიის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და მისთვის ცნობილია რა მძიმე პრობლემების წინაშე დგას რაიონი.
„შევიმუშავე ყაზბეგის რაიონის განვითარების პროგრამა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის დეცენტრალიზაციის კუთხით რეფორმებს ითვალისწინებს. ის მოსახლეობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა და სხვა“ - განაცხადა სეთურიძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში კრიზისია, რადგან ხელისუფლებას სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი მოვალეობები გაცნობიერებული არა აქვს, ამიტომ, მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის დრო მოდის.
