პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბორის ბერეზოვსკი და მიხეილ სააკაშვილი პარტნიორები არიან
და გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონებას იყოფენ. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილი ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბორის ბერეზოვსკი მის წინააღმდეგ ნაწილობრივ უკვე გამოიყენა.
„როგოც ვიცი, ბერეზოვსკიმ მე პუტინის ხელისუფლებასთან კავშირში დამადანაშაულა. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის მსგავს დემოკრატიას ივანიშვილი ვერ შექმნის. პასუხი მარტივია - ბერეზოვსკის უახლოესი და შესაძლოა, ერთადერთი მეგობარი პატარკაციშვილი იყო. ბადრის ტელევიზიის მფლობელი დღეს სააკაშვილია. ასეთი დემოკრატი სააკაშვილი მოსწონს ბერეზოვსკის?“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ოჯახს უჩივის და მისი ქონების გაყოფაზე აქვს პრეტენზია.
ივანიშვილის შეფასებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან მის თანამშრომლობაზე მეტყველებს.
