„დემოკრატიული მოძრაობა“ ბათუმში იუნკერების საფლავზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ბათუმში იუნკერების საფლავზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს
16:59 17.05.2012
,,დემოკრატიული მოძრობა“ ერთიანი საქართველოს წევრები ბათუმში თავისუფლების მოედანზე იუნკრების საფლავზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.  ამის შესახებ პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ხოზრევანიძემ და ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ჭანტურიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი განმარტებით, იმ ადგილზე, სადაც ორმოცსართულიანი მრავალფუნქციური შენობის აგება იგეგმება, იუნკერთა ორმოცდაათამდე საფლავია.
მათი თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია სიმბოლურ ფასად - 1 ლარად თურქულ კომპანიაზე გაასხვისა, რაც ოფიციალური წყაროებითაც დასტურდება. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია უკვე შემოღობეს, ტექნიკა შეიყვანეს და ერთი კვირაა, რაც მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.
,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ისინი ინვესტიციების განხორციელებისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, ქვეყნისთვის დაღუპული 50 გმირის საფლავის შეურაცხყოფა მათთვის მიუღებელია.
,,მათ საფლავებში კანალიზაციის მილების ჩადგმა უკვე ის ზღვარია რომლის იქით წასვლა აღარ შეიძლება. ყველანაირი მეთოდებით შევეცდებით უკანონობა შევაჩეროთ და თუ საჭირო გახდა აქციებსაც გავმართავთ“ - განაცხადა გურამ ხოზრევანიძემ.
მისი განმარტებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმის მერიას განცხადებით და შეკითხვებით მიმართეს და პასუხს 10 დღის ვადაში ელიან.
,,იკვეთება ჩვენი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის იდეაფიქსი რაც შეიძლება მეტად შეცვალონ ქალაქის ტრადიციული იერსახე და ის კაზინოებითა და სხვა საეჭვო გასართობი დაწესებულებების დედაქალაქად აქციოს“- განაცხადა თემურ ჭანტურიშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები ამ პრობლემის წინააღმდეგ მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ბეჭდვა