არასამთავრობოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს გია ნოდია სახიფათოს უწოდებს
არასამთავრობოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს გია ნოდია სახიფათოს უწოდებს
14:04 17.05.2012
პოლიტოლოგი გია ნოდია კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე მედია და არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის  ნაწილს სახიფათოს უწოდებს. ამის შესახებ მან არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ნოდიას თქმით, იგი გაეცნო აღნიშნული კამპანიის მიერ მომზადებულ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პაკეტს.

„არის მოსაზრებები, რომლებსაც ვიზიარებ, ვთქვათ ის, რომ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს რა არის სოციალური რეკლამა, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში სახიფათო დებულებებიცაა, რომლებიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს“ - განაცხადა ნოდიამ.

მისი განმარტებით, უარყოფითია, როცა კომუნიკაციების კომისიამ უნდა დაადგინოს რა არის სოციალური რეკლამა და მედიას მათი განთავსება დაავალოს.

„ამ სფეროში მედია პრაქტიკულად თავისუფლებას კარგავს და ცენზის პრეცენდენტი შემოგვაქვს. ცვილებების თანახმად, მაუწყებლებს პოლიტიკური დებატების ჩატარების მხრივაც თავისუფლება ერთმევათ, რაც ასევე დაუშვებელია. გარკვეული შეზღუდვები სოციოლოგიური კვლევის ნაწილსაც ეხება“ - განაცხადა მან.

გია ნოდიას შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში არსებულ დადებით დებულებებს, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს სახიფათო კომპონენტები გადაწონის.

„არმგონია, პარლამენტმა ეს ყველაფერი მიიღოს, მაგრამ თუ მიიღებს დემოკრატიის თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - აღნიშნა მან.

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებას საარჩევნო გარემოს დახვეწის მიზნით მათ მიერ მომზადებულ საკონონმდებლო ცვლილებების პაკეტს აცნობენ.

ბეჭდვა