,,ახალი მემარჯვენეები“ პრეზიდენტს რაჭის საზღვრისპირა სოფლების რეაბილიტაციას სთხოვენ
,,ახალი მემარჯვენეები“ პრეზიდენტს რაჭის საზღვრისპირა სოფლების რეაბილიტაციას სთხოვენ
13:41 17.05.2012
,,ახალი მემარჯვენეები“ პრეზიდენტს მაღალმთიანი რაჭის საზღვრისპირა ზონისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით მიმართავენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,,ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის დავით გამყრელიძის პრეზიდენტისადმი მიმართვა მედიას დღეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გააცნო.
მიმართვის შესაბამისად, სტრატეგიაში სოფელ უწერაში, შოვსა და გლოლაში სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება უნდა იყოს გათვალისწინებული.
,,მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ აღიშნული ზონა რუსეთის ფედერაციას და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ესაზღვრება. ამდენად, მას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩიხრაძის თქმით, სამი წლის წინ, რუსეთის სასაზღვრო ჯარის მიერ მამისონის უღელტეხილზე საკონტროლო ნიშნულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლებამ რეგიონში დაძაბული ვითარება შექმნა და ეს საფრთხე მოხსნილი დღესაც არ არის.
როგორც მან აღნიშნა, შოვი და უწერა, რომლებიც ერთ დროს გამორჩეულ კურორტად ითვლებოდნენ, მოსახლეობისგან დღითიდღე იცლება.
,,მოგიწოდებთ, უწერა-შოვი-გლოლა-ს ზონაში საქართველოს მთავრობამ განახორციელოს იგივე პროგრამა, რაც დღეს ანაკლია-განმუხურში ხორციელდება. აუცილებელია, ამ მხარეში გაჩნდეს გზა, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და შეიქმნას ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პირობები“ - ნათქვამია მიმართვაში.
,,ახალი მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ ამ გზით თავად შოვი და უწერა, როგორც კურორტები, პირვანდელ მნიშვნელობას დაიბრუნებენ, რაც ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

ბეჭდვა