კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო გარემოს დახვეწის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების
შემთხვევაშიც კი, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრობლემები ვერ მოგვარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
„თუკი ხელისუფლება არასამთავრობოების წინადადებებს გაიზიარებს, რამდენიმე მიმართულებით ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ისეთი ფუნდამენტური პრობლემები როგორიცაა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო დავების განხილვა, ამომრჩეველთა სიები კვლავაც გადაუჭრელი რჩება“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, კამპანია „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ცვილელებებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უცვლელი რჩება.
„თუმცა ვისურვებდით, რომ თუკი საარჩევნო კოდექსის დახვეწის შესახებ პარლამენტში საერთოდ მსჯელობა დაიწყება, სხვა პრობლემები და თემებიც იქნას დასმული“ - აღნიშნა მან.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აცნობენ.
