გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს „ახალი მემარჯვენეები“ ფუნდამენტურ შეცდომად აფასებენ
გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს „ახალი მემარჯვენეები“ ფუნდამენტურ შეცდომად აფასებენ
13:01 17.05.2012
დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ფუნდამენტურ შეცდომად აფასებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის მიერ გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიასთან დაკავშირებით სასაზღვრო თვალსაზრისით ბევრი გაურკვევლობა არსებობს, შესაბამისად, ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია.

ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ სასაზღვრო საკითხები საქართველომ და აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწვიტონ.

„არ შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ეს ან აზერბაიჯანის, ან საქართველოს ტერიტორიაა. თანამდებობის პირებმა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის მინისტრმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა მტკიცებით ფორმაში თქვეს ის, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების საგანია“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, დავით გარეჯის მონასტერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურის უნიკალური ძეგლია.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ეყოფა დიპლომატიური და სამეცნიერო რესურსი საკითხის მშვიდობიანად გადასაჭრელად.

„ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში საქართველოს საპატრიარქო უნდა ჩაერთოს.

ბეჭდვა