კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალი წევრი მამუკა მატკავა წარადგინა.
ძიძიგურის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა, მამუკა მატკავამ „ქართულ ოცნებას“ რუსთავის ოფისისთვის ფართი მაინც მიაქირავა.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვემო ქართლში კოალიციას დიდ პრობლემებს უქმნის, მათ შორის, ოფისებისთვის დაქირავების კუთხით, რაც, მისივე შეფასებით, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია.
„ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნეთ“ - განაცხადა ძიძიგურმა.
როგორც პრესკონფერენციაზე მამუკა მატკავამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებასთან“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ის რუსთავის პოლიციაში დაიბარეს და ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვეს.
„შემდეგ უბნის ინსპექტორი მოვიდა ჩემს სახლში და დედაჩემი გამოკითხა, როდესაც მე მივედი, მითხრა, რომ სამეზობლოში აღწერას ატარებდა. ინსპექტორმა ჩემი მანქანის ნომერიც ჩაიწერა. აღმოჩნდა, რომ მსგავი აღწერის ჩასატარებლად მეზობლებთან არავინ მისულა“ - განაცხადა მატკავამ.
მისი თქმით, ის უკანდახევას არ აპირებს და პოლიტიკურ ბრძოლაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩაებმება.
