მინდია გულუა - ივანიშვილის და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირება პოლიტიკური ფარსია
მინდია გულუა - ივანიშვილის და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირება პოლიტიკური ფარსია
11:08 17.05.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ პოლიტიკური მრჩეველი მინდია გულუა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულების. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მის განცხადებაშია ნათქვამი.
„არავინ იფიქროს, რომ ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების ჭეშმარიტი ოპონენტია. ღიად ვაფიქსირებ - ივანიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მთელის ორი ნაწილია. მათი დაპირისპირება პოლიტიკური ფარსი და თამაშია. მეტიც, მისი ოპოზიციონერობა წინასწარ დაწერილი სცენარია და საქართველოს ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს“ - აცხადებს გულუა.
ამასთან გულუა აღნიშნავს, რომ როდესაც მან დევნილთა დახმარების ფონდში 25 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვის შესახებ განაცხადა, იმედი ჰქონდა, ქველმოქმედებაში მონაწილეობას ივანიშვილიც მიიღებდა.
„გაოცებული დავრჩი, როდესაც ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს „ქართული ოცნების“ პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადება, სადაც ის ხმამაღლა აცხადებს: „ბიძინა ივანიშვილს არავის შუამავლობა არ სჭირდება, რათა ქველმოქმედება გასწიოს“. ასეთ „სიურპრიზს“ ნამდვილად არ ველოდი. თუმცა, მის ინტერესში დევნილების დახმარება რომ არ შედის, ეს აქამდეც ვიცოდი“ - აღნიშნავს პარტიის პოლიტიკური მრჩეველი.
მინდია გულუა, მისივე თქმით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ივანიშვილის გვერდზე განთავსებულ ერთ-ერთი ჟურნალისტის სტატიასაც გამოეხმაურა. როგორც გულუა ამბობს, აღნიშნული სტატია შეკვეთილია და მასზე ე.წ შავი პიარის შექმნას ემსახურება.
„ბიძინა, გუდას პირი რომ მოვხსნა, გასაქცევსაც ვეღარ იპოვი. ხომ იცი, რა შავი საქმეებითაა გატენილი შენი დოსიე. ალბათ ისიც იცი, შენზე როგორც კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ბიზნესმენზე, რა ლეგენდები დადის რუსეთში. შენგან განსხვავებით, შავი „პიარშიკები“ არ მჭირდება - მე თვითონ ჩამოგითვლი რა დანაშაული გაქვს ჩადენილი“ -აცხადებს მინდია გულუა ივანიშნილის მისამართით.
მისივე თქმით, ივანიშვილის გეგმაში გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის შექმნა არ შედის. ამასთან, გულუა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პრემიერ-მინისტრობა და არც პრეზიდენტობა სურს. ხოლო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები წინასწარ დაგეგმილი აფიორაა, რაომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელო საკითხებზე ყურადღების გადატანას ემსახურება.

ბეჭდვა