საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის გაფართოების
საკითხი არ განიხილება, საქართველოსთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
ნატო-ს 25-ე სამიტის მნიშვნელობაზე მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას ისაუბრა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. სააკაშვილის განცხადებით, ალიანსის პოზიცია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტს წარმოადგენს.
„ნატოს სამიტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრაზე ნატო-ს გაფართოების საკითხი არ განიხილება, მაგრამ წელს ჩვენთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე აღინიშნოს საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ გარე და შიდა ძალები უშლიან ხელს.
„ეს ქვეყნის ტერიტორიის დამპყრობელი ქვეყნის ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევს, მეორე მხრივ კი, რუსეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები საქართველოდან დარბიან ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში, რათა ყოველმხრივ შეუშალონ ხელი იმას, რომ არათუ არ აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის პროგრესი, არამედ, ითქვას, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა კიდეც“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესში უდიდესი წინსვლა აქვს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ერთბაშად ვერ გახდება, თუმცა, ალიანსში ინტეგრაციის პროცესი საქართველოს მიმართ აგრესიის განხორციელების შემაკავებელი ფაქტორი და უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია.
მისივე თქმით, საქართველო ჩიკაგოს სამიტის მუშაობასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ბევრს ნიშნავს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების შეხვედრაზე საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელიც; ბალკანურ ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებთ ასპირანტი ქვეყნების ახალ ფორმატშიც, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ ISAF-ის პროგრამის შეხვედრაშიც“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში აუცილებლად იქნება აღნიშნული ის, რისი გაგონებაც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს არ სურთ - ქვეყნის წინსვლა ნატო-სთან დაახლოებისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით.
სააკაშვილის თქმით, ეს როგორც შიდა რეფორმების, ისე იმ ჯარისკაცების დამსახურებაა, რომლებიც დღეს ავღანეთში იბრძვიან.
