პოზიციური ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატებისას დამატებით დროს ითხოვდა, თუმცა მას ამ
მოთხოვნაზე უარი ეთქვა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" პოლიტიკური დებატების დროს 15 წუთის ნაცვლად 30 წუთს დღეს უშედეგოდ ითხოვდა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ მისი ფრაქციისა და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობისთვის გამოყოფილი დროის სამართლიანი და ადეკვატური გადანაწილება მოითხოვა.
ლორთქიფანიძის თქმით, უმრავლესობას და უმცირესობას თითოს დაახლოებით 1 საათი და 35 წუთი ექნება გამოსასვლელად და კარგი იქნება თუ მის ფრაქციას 30 წუთს მაინც მისცემენ.
დიმიტრი ლორთქიფანიძეს პავლე კუბლაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ახალი მექანიზმების შექმნა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფორმატი არსებობს და დებატები მისი მიხედვით უნდა წარიმართოს.
დებატებს პარლამენტის რეგლამენტის 138-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის მიხედვით, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას თითოეულს 45 წუთი ეძლევა , ფრაქციისა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული – 5 წუთი.
