გიორგი თარგამაძე - საქართველომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გამოიყენოს
გიორგი თარგამაძე - საქართველომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გამოიყენოს
14:28 16.05.2012
აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკებისას საქართველომ დიპლომატიურ ძალისხმევასთან ერთად, კეთილმეზობლური ურთიერთობაც უნდა გამოიყენოს.
ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ქრისტიან–დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წამოქმნილი პრობლემის კომენტირებისას გააკეთა.
მისი აზრით, ეს რომ მარტივად მოსალაპარაკებელი საკითხი ყოფილიყო, დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 20 წლის მანძილზე შეთანხმება მოხდებოდა.
„სახელმწიფოთა მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია იყოს პრინციპული, კვალიფიციური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ამავე დროს დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების წესები უნდა გავითვალისწინოთ“ – განაცხადა თარგამაძემ.
დეპუტატი მოუწოდებს ხელისუფლებას სხვა მეზობელ ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის საბოლოოდ დადგენის საკითხებზე უფრო აქტიურად იმუშაოს.
„სამწუხაროდ, საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან – თურქეთთან აქვს დასრულებული დელიმიტაციისა და საზღვრის საბოლოოდ დადგენის პროცესი. აზერბაიჯანთან ჩვენ იმ დონის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ისტორიული სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით დასრულდეს“ – უმცირესობის ლიდერმა.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ საკითხის სახელმწიფო დონეზე მოგვარებამდე, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა სტრუქტურებმა გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალება არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ მომლოცველებსაც მისცენ.

ბეჭდვა