„განახლებული საქართველოსთვის“ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართვას უგზავნის
„განახლებული საქართველოსთვის“ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართვას უგზავნის
14:17 16.05.2012
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიმართვას უგზავნის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის „ახალგაზრდული ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, მიმართვას აზერბაიჯანის საელჩოში ოფიციალურად წარადგენენ.
„ჩვენ მივმართავთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აღვნიშნავთ, რომ ქართველი და აზერბაიჯანული ერი უკვე საუკუნეებია მეგობრულად ცხოვრობს. გარდა ამისა, საქართველოში ცხოვრობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი რამდენიმე ათასი მოქალაქე. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ საკითხს და კიდევ ერთხელ გამოიჩენს მათთვის ჩვეულ კეთილგონიერებას“ - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, პარტიაში იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანული მხარე დროულად აღმოფხვრის იმ გაუგებრობას, რაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განლაგებას უკავშირდება.
პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ოძელის თქმით, დავით გარეჯი ქართველი ხალხისთვის მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი და ტერიტორია არ არის, დავით გარეჯი ქართველების მენტალობისა და სარწმუნოების იდენტურია.
„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას საჯარო გახადოს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა“-აღნიშნა ოძელმა.
მისივე თქმით, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მოითხოვს შეიქმნას დავით გარეჯის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.


ბეჭდვა