პარლამენტში მორიგი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში მორიგი დაპირისპირება მოხდა
16:05 20.02.2012
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ერთმანეთს ქრისტიან–დემოკრატი ლევან ვეფხვაძე და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე  დიმიტრი ლორთქიფანიძე შეეკამათდნენ. კამათის მიზეზი პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებული პროცედურა იყო.
დიმიტრი ლორთქიფანიძე ფრაქციისთვის რეგლამენტით განკუთვნილი 15 წუთის ნაცვლად 30 წუთიან გამოსვლას ითხოვდა, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმებოდა.
ქრისტიან–დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ თუ ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" დებატების ახალი წესით გამართვა უნდოდა, მაშინ რეგლამენტში ცვლილებები უნდა მოემზადებინა და წარმოედგინა.
"მოამზადეთ რეგლამენტში ცვლილებები და შემოიტანეთ, სანამ პრეზიდენტი მოვა მის მომზადებას მოასწრებთ. ჩვენ პოლიტიკური დებატების გამართვას ვუჭერთ მხარს" – მიმართა ლევან ვეფხვაძემ ლორთქიფანიძეს.
"მსგავსი ტიპის გამოხმაურება ზედმეტია და ცინიკური" – უთხრა ლორთქიფანიძემ ლევან ვეფხვაძეს.
კამათის დროს ლევან ვეფხვაძემ ლორთიფანიძეს ადგილიდან ისიც წამოაძახა, რომ ლორთქიფანიძის ფრაქციის წევრები "უმცირესობის წევრებს დასდევდნენ და ფულს სთავაზობდნენ".
კამათი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ბიუროს სხდომის წამყვანმა დავით ბაქრაძემ მოკამათე მხარეებს მიკროფონები გამოურთო.

ბეჭდვა