„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ თუ რეალურ ოპოზიციონერებს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე შეექმნებათ,
ის მათ საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარება. ამის შესახებ ბურჯანაძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებსა და „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ თუ ვინმეს საფრთხე დაემუქრება, დავეხმარები საზღვარი უსაფრთხოდ გადაკვეთოს. თუ მაგალითად დავინახავ, რომ იგივე ბატონ ბიძინას ან ვინმე რეალურ ოპოზიციონერს ხელისუფლებისგან რეალური საფრთხე ემუქრება, მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო“ - განაცხადა მან.
ამასთან, ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ, მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის მიერ საზღვრის გადაკვეთის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა.
მისი თქმით, მათ ინფორმაცია ჰქონდათ ბიწაძის ლიკვიდაციაზე ხელისუფლების გეგმების შესახებ. მისივე განმარტებით, ხელისუფლების სცენარის მიხედვით, ბიწაძე 26 მაისის ღამეს შეაიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის პროცესში უნდა მოეკლათ.
„სანაპიროზე ანტიტერორისტული შეიარაღებული შენაერთები იდგნენ, რომლებიც ტყვიის გავარდნისთანავე სპეცოპერაციაში ჩაერთვებოდნენ. სწორედ ამიტომ, 26-ში დარბევის დროს ჩემი მეუღლე იქ არ იმყოფეობდა, ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული გადაწყვეტილება“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ბიწაძის მიერ საზღვრის დატოვების გარემოებებს, ბურჯანაძის განმარტებით, ამაზე ის განცხადებებს შეგნებულად არ აკეთებს, რადგან არ სურს ხელისუფლებას დამატებითი რეპრესიების განხორციელების საშუალება მიეცეს.
„თუმცა, იმ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, როდესაც ამბობენ, რომ შეიძლება ხალისუფლებაში ვინმე ჭკვიანი მიხვდა - მოკლული ან ციხეში მყოფი ბადრი ბიწაძე მათთვის მისაღები არ იქნებოდა და ისეთივე თავის ტკვილი იქნებოდა, როგორიც ახლა უკრაინის ხელისუფლებისთვის ტიმოშენკოა“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ ის თავისი ოჯახის წევრებზე საუბრისგან ხშირად შეგნებულად იკავებს თავს, რადგან არ სურს საზოგადოებას ეს თემა თავს მოახვიოს.
