ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრი, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტისთვის გამართული ბოლო კონსულტაციების შესახებ ესაუბრა.
როგორც ბარამიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, წარმატებული რეფორმების გამო, საქართველო კვლავ იმსახურებს ალიანსის მაღალ შეფასებას, რაც ნატო-ს საბოლოო კომუნიკეში აისახება და ჩიკაგოში კიდევ ერთხელ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ს წევრობის შესახებ.
მისი თქმით, ნატო კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვიცე-პრემიერმა, ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტებზე - წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაზე ისაუბრა.
ბარამიძემ შავი ზღვის უნივერსიტეტში ნატო-ს კუთხე გახსნა.
