„სახალხო კრებასა“ და პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის ერთიანობა იმის გამო ვერ შედგა, რომ კოალიციაში შემავალი
პარტიები კრების წევრ ნინო ბურჯანაძეს უსამართლოდ უტევენ. ამის შესახებ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნონა გაფრინდაშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ნინო ბურჯანაძე ოპოზიციონერია, რომელიც არსებულ რეჟიმს დიდი ხანია რეალურად ებრძვის და ჩვენ არაადამიანები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი წევრი არ დავიცვათ“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, „სახალხო კრების“ პოზიცია ივანიშვილისადმი უცვლელი რჩება და კრების ყველა წევრი მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას მიესალმება.
გაფრინდაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის აზრზე რჩებიან, თუმცა, თუ ერთობა ვერ შედგა, მათი ყველა ქმედება არსებული რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა ოპოზიციის.
