„სახალხო კრების“ წევრები ამ წუთებში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან და თავიანთ სამოქმედო გეგმას აცნობენ.
შეხვედრას კრების აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები - „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურაჯანაძე, ასევე სოსო ჯაჭვლიანი, ირაკლი ბათიაშვილი, თემურ შაშიაშვილი და სხვები ესწრებიან. რაც შეეხება მედიას შეხვედრაზე წარმოდგენილია დაახლოებით 30 რეგიონული მედიასაშუალების ჟურნალისტი.
როგორც ბურჯანაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მოსახლეობისთვის რეგიონებში რეალური და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ამჟამად ინფორმაციას მხოლოდ სახელისუფლებო არხების მეშვეობით იღებენ.
მან რეგიონში ჟურნალისტების მუშაობა გმირობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლების ზეწოლას განსაკუთრებით განიცდიან.
„სახალხო კრების“ წევრებმა მედიის წარმომადგენლებს 21-26 მაისის შესახებ თავინთი გეგმა გააცნეს. 21 მაისს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოსა და დარბაზის გაფართოებული შეხვედრა ჩატარდება, ხოლო 26-ში ისინი გასული წლის 26 მაისის მოვლენების შედეგად დაღუპულთა სახელზე პანაშვიდს გადაიხდიან.
