ტურისტულ ზონებში ტურისტული საწარმოების შექმნა იგეგმება
ტურისტულ ზონებში ტურისტული საწარმოების შექმნა იგეგმება
15:31 20.02.2012
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც ტურისტულ ზონებში ტურისტული საწარმოების შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" მთავრობის  საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ტურისტულ ზონებში შეიქმნება ტურისტული საწარმო, რომელიც დაკავებული იქნება სამშენებლო საქმიანობით და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება შეიძინოს ბინა, რომელსაც რვა წლის ვადით გააქირავებს და გარანტირებულ შემოსავალს მიიღებს. გარდა ამისა, ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოქალაქეს უკან დაუბრუნდება გადახდილი დღგ ანუ თანხის 18%.
ასევე, ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ წელიწადში ერთი თვის განმავლობაში ბინის მესაკუთრეს უფლება აქვს ბინა გამოიყენოს პირადი მოხმარების მიზნით. "ახალი ინიციატივის მიზანია, ხელი შევუწყოთ უძრავი ქონების ბიზნესის განვითარებას, რათა ადამიანებმა ფული ჩადონ აქტიურ ბიზნესში და მიიღონ შემოსავალი, ასევე, გაჩნდეს ახალი სასტუმროები, რომელიც ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებს შესთავაზებს ტურისტებს", - განაცხადა გია ხუროშვილმა.
აღნიშნული ცვლილების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ბეჭდვა