ევროკავშირი საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის
რეკომენდაციებს აძლევს. ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დღეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.
დიმიტროვის თქმით, ევროკავშირის მიდგომა სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებისას არის „მეტი მეტის სანაცვლოდ“, რაც გულისხმობს ევროკავშირის მზადყოფნას მეტი ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებისთვის მზად არიან.
როგორც დიმიტროვმა აღნიშნა, ანგარიშში ასახულია რეფორმების კუთხით საქართველოს წინსვლა, ნაკლოვანებები და რეკომენდაციები.
მისი თქმით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება 2012 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, მათ შორისაა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის გზით სამართლიანი არჩევნების გამართვა, გამოხატვის თავისუფლების უზრუველყოფა და შრომითი უფლებების დაცვა.
დიმიტროვის თქმით, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს საქართველოს პოლიტიკა სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგება-კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. მისივე თქმით, ეს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობითა და ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით უნდა განხორციელდეს. საქართველო უფრო ინტენსიურად და კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებებში, გააგრძელოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
ანგარიშში სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებასა და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდის აუცილებლობაზეცაა საუბარი.
