“ქრისტიან-დემოკრატების“ წევრ ლევან ვეფხვაძეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია იაკობ გოგებაშვილის ჯიუტ თხებს ახსენებს.
როგორც “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ორი ჯიუტი თხა ხიდზე ერთმანეთს ეჯახება და ორივე წყალში ვარდება.
„ამ შემთხვევაში ეს ჯიუტი თხები მართლაც წყალს წაუღია, მაგრამ შეიძლება ამ წყალს ქვეყანაც წაჰყვეს“ –აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით არ აძლევს მოქალაქეობას, ივანიშვილს კი - მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი არ შეაქვს.
“პოლიტიკურ ჩიხს ვიღებთ და ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. უნდა ვიფიქროთ თუ რა გავაკეთოთ, რომ ეს ჯიუტი თხები, რომლებიც ხიდზე არიან შემდგარნი, ამ ქვეყნისთვის საბედისწეროდ არ გადაიქცნენ” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა, დღის მეორე ნახევარში კი მისი კენჭისყრა მოხდება.
