საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში შესაძლოა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შესახებ ახალი ჩანაწერი გაჩნდეს.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებული პირისთვის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების საკითხი დასვა.
ვეფხვაძის განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლში ნათქვამია, რომ “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა”.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში სპეციალური ჩანაწერის დამატება საჭირო არ არის, რადგან კონსტიტუციის 29-ე მუხლი სხვა პირებს ეხება – საქართველოს მოქალაქეებს და არა იმ პირებს, რომლის განსაზღვრაც ცვლილებებით შემოდის.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას, კუბლაშვილის განმარტებით, მართალია საკონსტიტუციო აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ თუ კონკრეტული შემოთავაზება იქნება, მზად არის მის პროექტში ასახვაზე იმსჯელოს.
საკითხს პარლამენტის თავმჯოდმარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადგან დეტალის შინაარსზე შეთანხმება არსებობს, შესაძლებელია მისი ჩაწერა-არ ჩაწერა მესამე მოსმენისთვის გადაწყდეს.
დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც კენჭს დღეს საღამოს უყრის.
