საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ჟურნალისტებმა უნდა გაარკვიონ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს
ბიძინა ივანიშვილს რა გრძნობა ამოძრავებს.
დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ორჯერ თქვა, მესამედ, როდესაც უფლება მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა მიეღო, მან ასევე უარი განაცხადა.
„ეს რატომ გააკეთა ალბათ ჟურნალისტებმა უნდა გამოარკვიონ, დამცირებად ეჩვენებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება, ეთაკილებოდა, თუ სინამდვილეში მოქალაქეობის მიღება არ უნდოდა რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო“ – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ–ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალას უფლება ექნება საარჩევნო პროცესში ჩაერთოს და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
„ამ ცვლილებების შედეგად, ბიძინა ივანიშვილს კანონიერად, ლეგიტიმურად უფლება ენიჭება საარჩევნო პროცესის ნაწილი იყოს, რაიმე ამაში ცუდი არის? მე მგონი არა“ –აღნიშნა ცისკარიშვილმა. მან ორ ოპოზიციურ ფრაქციას შორის უთანხმოებასაც გაუსვა ხაზი.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ქრისტიან–დემოკრატები“ ივანიშვილის მხარდამჭერ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ უპირისპირდებიან და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოსტანშიც ისვრიან ქვებს“, რაც პოლიტიკური მარკეტრინგის თვალსაზრისით, შესაძლოა, გამართებულიც არის.
„ივანიშვილის მხარდამჭერი ფრაქციის პოზიცია გაუგებარია, ივანიშვილის ფრაქციას ვამბობ, გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ჯონდის რომ ივანიშვილის მეოთხედი ქონება მისცა, ჯონდის ფრაქცია იქნებოდა და ფრაქციის თავმჯდომარეობაზე მორიგეობა არ დასჭირდებოდა. რას ვიზამთ, სხვა მოცემულობა გვაქვს, ივანიშვილი არის მათი მთავარი მესია და ლიდერი და მას შეჰყურებს ეს ხალხი ხელებში. აქედან გამომდინარე, ვერ გაგვიგია რა დავალებას ასრულებენ“ – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ივანიშვილი ბოლო ეტაპზე მიესალმა კონსტიტუციაში ცვლილებებს და თქვა, რომ ამ ცვლილებებით ისარგებლებს, არადა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა.
