ია მეტრეველი - ,,ქომაგი“ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება
ია მეტრეველი - ,,ქომაგი“ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება
13:46 15.05.2012
საქველმოქმედო ფონდი ,,ქომაგი“ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება. ამის შესახებ დღეს ,,ქომაგის“ პრეზენტაციაზე ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ია მეტრეველმა განაცხადა.

მისი თქმით, ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულებსა და თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო დასჯილებს დაეხმარება.

,,სწორედ ასეთი ადამიანები გვყავს მოწვეული - პედაგოგები, რომელთაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ამის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ჩვენ უნდა შევძლოთ და გავაღვიძოთ ქართველ ხალხში თანადგომა. სოლიდარობის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა“ - აღნიშნა მეტრეველმა.

მისივე თქმით, 2003 წლიდან საქართველოში უამრავი ადამიანია ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ფონდი აუცილებლად გადახედავს მათ საქმეებს.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა თავდაპირევლად ,,ქომაგი“ ბოლო პერიოდში რეპრესირებულ პირებს დაეხმარება.

,,ჩვენ გვყავს კომპეტენტური და სანდო ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფაქტებს შეისწავლიან“ - აღნიშნა მეტერევლმა.

მისივე თქმით, ფონდი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურა და არცერთ პოლიტიკურ ძალასთან კავშირი არ აქვს.

მეტრეველის განმარტებით, ფონდის დაარსება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა მზადყოფნა გამოთქვეს მასში შენატანი გაეკეთებინათ. ემიგრანტების გარდა, ფონდს ქართველი ბიზნესმენებიც დაეხმარებიან.

,,თავიდან არ დავასახელებ იმ გვარებს ვინც თანხები შემოგვწირა, თუმცა, მოგვიანებით თავის გვარებს თვითონ დაასახელებენ. მე არ გავცნობივარ კონტროლის პალატის განცხადებას, მაგრამ მზად ვართ ვიყოთ დაკვირვების ობიქეტი, რადგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართულ ოცნებასთან“ ვართ დაფუძნებული სრული აბსურდია“- აღნიშნა მეტრეველმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მისი პირადი პოლიტიკური სიმპატიები ბიძინა ივანიშვილისკენ იხრება.

მეტრეველის განმარტებით, მას ხელისუფლებამ უდანაშაულო შვილი მოუკლა და ახლა გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ოქტომბერში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალოს.

ფონდი ,,ქომაგის“ წარმომადგენლები ,,ამომრჩეველთა ლიგასთან“ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.


ბეჭდვა