საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე ალტერნატიულ წინადადებას ვეღარ წარადგენენ. ამის თაობაზე
განცხადება ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილება.
ვეფხვაძის განმარტებით, პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა „ქრისტიან–დემოკრატებს“ განუმარტა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალტერნატივის წარმოდგენის უფლება არა აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ალტერნატივას არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, სხდომაზე ალტერნატიული წინადადება დეპუტატებს აღარ დაურიგდათ.
რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ალტერნატიული პროექტი აქვთ, რომელიც საქართველოში ცხოვრების ბოლო 3 წლიან ცენზს უკავშირდება.
კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებების ფორმულირების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.
