პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებების ბოლო ფორმულირების
მიღების შემდეგ, აღარავის ექნება შესაძლებლობა სპეკულაციები დაიწყოს თითქოს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უფლებები ეზღუდება.
ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე შესაძლებლობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება, შეექმნა და დაეფინანსებინა პარტია და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა მიეღო.
„ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104-ე მუხლით - „2014 წლის 1იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
საკონსტიტუციო ცვლილებეზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
