დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე ქართველი მომლოცველების არ შეშვების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, უდაბნოს მონასტერში შესვლაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან პრობლემა არა ქართველ, არამედ უცხოელ ტურისტებს შეექმნათ, რომელთაც მათ ვიზა მოსთხოვეს. მისივე თქმით, აღნიშნულ მონასტერში ქართველ რესტავრატორები მუშაობენ და მათ პრობლემა არ ექმნებათ.
რაც შეეხება მონასტრის ტერიტორიულ კუთვნილებას, რურუას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი ქართულია, ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებრეობს.
„მონასტერი აზერბაიჯანის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრების დადგენის პროცესში მოექცა. ეს არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმები და ჩვენ ამას ვერ შევცვლით“- განაცხადა რურუამ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები არიან ჩართული.
„ვცდილობთ მოლაპარაკებების შედაგად პრობლემის ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას, რათა მონასტერი ყველასთვის ხელისაწვდომი იყოს. რაც შეეხება მონასტრის კუთვნილებას, სასურველი იქნებოდა ეს ამბავი ისე გადაწყვეტილიყო, როგორც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის“- განაცხადა რურუამ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა. ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი ამ განცხადებას არ ეთანხმება.
