გია ბარამიძე - ჩიკაგოს სამიტი ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
გია ბარამიძე - ჩიკაგოს სამიტი ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
19:14 14.05.2012
ვიცე-პრემიერმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ  მთავრობის კანცელარიაში ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში ალიანსის გაფართოება არ დგას, სამიტი ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ბარამიძის თქმით, მომავალ სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ალიანსის კარი საქართველოსთვის კვლავ ღია რჩება და საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს რეფორმების გაგრძელებაში.

„ახლა ნატო-ს სტანდარტებს სრულად ვაკმაყოფილებთ. რამდენიმე წელი დაგვრჩა, რომ საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად სრულად იყოს მზად. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს საბოლოო დოკუმენტში ჩვენი მიღწევები ადეკვატურად დაფიქსირდება“-განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ჩიკაგოს სამიტზე დაგეგმილ სამივე ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ესენია - ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეხვედრა, ნატო-ს შეხვედრა 13 პარტნიორ ქვეყანასთან და ნატო-ს შეხვედრა 4 ასპირანტ ქვეყანასთან.
მისივე თქმით, საქართველო 13 პარტნიორ ქვეყანასთან შეხვედრის ფორმატში აღმოსავლეთ ევროპიდან ერთადერთი ქვეყანა იქნება.

ჩიკაგოში ნატო-ს სამიტი 20-21 მაისს გაიმართება.

ბეჭდვა