მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაძაბულობა მოიხსნება
მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაძაბულობა მოიხსნება
18:21 14.05.2012
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დაძაბულობა მოიხსნება.

„დემარკაციის კომისია მუშაობს, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვაყენებთ საკითხს და ვითხოვთ, რომ სანამ საბოლოოდ დადგინდება სადემარკაციო ხაზი, მანამ საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტებს კომპლექსის დათვალიერებაში ხელი არ შეეშალოთ. აზერბაიჯანის მხარე ამ საკითხებს ყოველთვის გაგებით ხვდებოდა“ – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დაძაბულობა ამ საკითხის ირგვლივ რამდენიმე ხნის წინაც არსებობდა თუმცა, მოლაპარაკებების შედეგად მოიხსნა.

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება.

„ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ საზღვარი საბოლოოდ დადგინდება, დავით გარეჯის კომპლექსში საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს გადასვლის პრობლემა არ ჰქონდეთ“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა. ამ განცხადებას ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი არ ეთანხმება.

ბეჭდვა