„დემოკრატიული მოძრაობა“ 12 მაისის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
„დემოკრატიული მოძრაობა“ 12 მაისის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
16:12 14.05.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ 12 მაისის წყალდიდობის შედეგად მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს  შესასწავლად, საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პრეზიდენტი ყოველდღე ახალი „უპრეცედენტო“ ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას ახდენს, ერთსაათიანი წვიმა დედაქალაქისათვის სტიქიურ უბედურებად გადაიქცა.
„აღმოჩნდა, რომ თბილისში სანიაღვრე სისტემა პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, წყალსაცავების კოლექტორები მოშლილია, გზები არასწორად შენდება და რემონტდება“- აღნიშნავენ პარტიაში.
მათივე განმარტებით, ხელისუფლებას სტიქიის შედეგებისგან თავის დაზღვევის მიზნით არანაირი პრევენციული ღონისძიება არ გაუტარებია - მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს საგანგებო შეტყობინებაც კი არ გაუვრცელებიათ.
ამასთან, პარტიის წევრები სახალხო დამცველს მიმართავენ, თბილისის მეშვიდე იზოლატორში მონიტორინგი დაუყოვნებლივ განახორციელოს და საზოგადოებას პატიმრების მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ტრაგიკულად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
12 მაისს თბილისში ძლიერი წვიმისაგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბეჭდვა