პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე დევნილთა დახმარების საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოზიციის შეცვლის იმედს გამოთქვამს.
როგორც გიორგაძემ დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პარტიის საერთაშორისო მრჩეველმა მინდია გულუამ „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქველმოქმედო ფონდში გარკვეული შენატანის გაკეთების წინადადებით მიმართა. ამ შეთავაზებას „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა უპასუხა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა ყველასთვის ცნობილია და აქედან გამომდინარე, ის თავად განსაზღრავს ვის, რა სახით და როგორ დაეხმაროს.
„არამგონია, ამაში საწყენი იყოს რამე. იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი აზრს შეიცვლის“- განაცხადა გიორგაძემ.
მისი თქმით, გულუამ ივანიშვილს იმიტომ მიმართა, რომ ივანიშვილს ქველმოქმედისა და მეცენატის სახელი აქვს. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, საქველმოქმედო ფონდი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რადგან ხელისუფლების მხრიდან ცხინვალსა და სოხუმში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით დასტურს ელოდებიან.
მისი განმარტებით, თბილისში ფილიალების გახსნის შემდეგ ფონდი მხოლოდ დევნილებზე არ იზრუნებს და მისი მიზანი საქართველოს სხვა მოქალაქეების დახმარებაც იქნება.
„ფონდი განსაკუთრებით იმ ადამიანებზე იქნება ორიენტირებული, რომლებმაც არასწორი პოლიტიკის შედეგად საცხოვრებელი ფართები დაკარგეს“- აღნიშნა გიორგაძემ.
მისივე თქმით, 12 მაისს თბილისში სტიქიით გარდაცვლილი სვეტლანა ბერულავა მათი პარტიის წევრი იყო, რომლის ოჯახსაც სამომავლოდ ფონდი დაეხმარება.
